English / ქართული / русский /
ელგუჯა მექვაბიშვილი
ეკონომიკის სტრუქტურული ცვლილებების პრობლემა კრიზისების თეორიის კუთხით

ანოტაცია

მსოფლიო ეკონომიკამ პოსტინდუსტრიულ ეპოქაში უმნიშვნელოვანესი სტრუქტურული ცვლილებები განიცადა. ეკონომიკის გლობალიზაციის გავლენით ეს პროცესი ამჟამადაც ინტენსიურად მიმდინარეობს და ბევრ პრობლემას წარმოშობს.
განხორციელებული და მიმდინარე სტრუქტურული ძვრების არსის გასაგებად, ჩვენი აზრით, გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება პრობლემისადმი სწორ მეთოდოლოგიურ მიდგომას, რომელშიაც ამ კონკრეტულ შემთხვევაში ვგულისხმობთ პირველი თერმოდინამიკური კანონის გამოყენებას. იგი გვეუბნება, რომ ნებისმიერი სისტემის შემადგენელი ელემენტები განსხვავებული სიჩქარით იცვლება(ვითარდება), „სიჩქარის“ ცნებას ანალიზში განსაკუთრებული აზრობრივი დატვირთვა გააჩნია. თუკი ელემენტთა ცვლილების სიჩქარეთა შორის დიდ განსხვავებას არ აქვს ადგილი, ეს ნორმალურია და საფრთხეს არ უქმნის სისტემის მდგრადობას. პრობლემები წარმოიშობა სიჩქარეთამკვეთრი განსხვავების შემთხვევაში, რომელსაც სისტემა არამდგრადობის ანუ ტურბულენტობის მდგომარეობაში შეჰყავს.
ბოლო ათწლეულების მანძილზე მსოფლიო ეკონომიკა სწორედ ასეთ მდგომარეობაში იმყოფება, რომელიც გამოწვეულია ეკონომიკის რეალური და ფინანსური სექტორების ცვლილების სიჩქარეთა შორის მკვეთრი განსხვავებით, ეკონომიკის საყოველთაო ფინანსიზაციით, ფინანსური ეკონომიკის მოწყვეტით რეალური („ფიზიკური“) ეკონომიკისგან, მისი ჰიპერტროფირებული ზრდით რეალური წარმოების შევიწროებისა და გამოდევნის ხარჯზე. აღნიშნული პროცესის დამადასტურებელი უამრავი ციფრობრივი და ფაქტობრივი მასალა არსებობს [1: 9-34], რომელთაგან ჩვენ მხოლოდ ერთზე გავამახვილებთ ყურადღებას: ბოლო პერიოდების მანძილზე სისტემურად მცირდებოდა ეკონომიკის რეალურ სექტორში შექმნილი დამატებული ღირებულების ხვედრითი წილი. კერძოდ, 1959 წელს იგი შეადგენდა 60%-ს, 1972 წელს 55%-ს, 1987 წელს 52%-ს, 1995 წელს 48%-ს, 2000 წელს 41%-ს, 2008 წელს კი 35%-ს [1: 17].
არსებითი სტრუქტურული ძვრები ხორციელდებოდა საკუთრივ ფინანსურ სექტორში, რაზედაც ნათელ წარმოდგენას იძლევა გლობალური ლიკვიდურობის თანამედროევ სტრუქტურა. ფულადი მასა(ანუ ლიკვიდურობის ბაზა) შეადგენს მსოფლიო მშპ-ს 9%-ს და მსოფლიო ლიკვიდურობის 1%-ს; ე.წ. „ფართო ფული“ – 122%-ს და 10%-ს; სეკურიტიზებული ვალი - 138%-ს და 11%-ს; დერივატივები - 964%-ს და 78%-ს (!)[2: 9]
ამრიგად, გლობალიზაციის ეპოქაში მომსახურების სფეროს, მის შიგნით განსაკუთრებით ფინანსური მომსახურების, მოცალეობის(გასართობი) ინდუსტრიის სწრაფი ტემპით განვითარება აშშ-ში და განვითარებული საბაზრო ეკონომიკის სხვა ქვეყნებში წარმოადგენდა ეკონომიკური ზრდის წარმმართველ ძალას.
ვფიქრობთ, რომ ეკონომიკური სისტემის ასეთი ტრანსფორმაცია არ შეიძლება პროგრესულ მოვლენად ჩაითვალოს, სულ მცირე ორი გარემოების გამო. პირველი, წრეგადასული ფინანსიზაცია იწვევდა იმას, რომ ბოლო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში წარმოების სფეროში არ დაფიქსირებულა რაიმე ინოვაციური გარღვევა, რომელიც მოახდენდა რადიკალური ტექნოლოგიური ცვლილებების ინიცირებას. სწორედ ეს მიგვაჩნია ეკონომიკური ზრდის ტემპების შენელების მთავარ მიზეზად. პოსტინდუსტრიულ ეპოქაში ადგილიჰქონდა ინდუსტრიული წარმოების ფრაგმენტაციას, რაც, ვფიქრობთ, ასევე გახდა შრომის მწარმოებლურობისა და ეკონომიკური ზრდის ტემპის დაქვეითების საფუძველი. მეორე, ფინანსურ სექტორში მხოლოდ ფიქტიური (ვირტუალური) სიმდიდრე წარმოიქმნება, რომელიც „ყალბი სოციალური ღირებულების“ უკიდურესად თავისებური ფორმაა. როგორც ცნობილი ამერიკელი ეკონომისტი და პოლიტიკოსი ლ.ლარუში აღნიშნავს: ფინანსური სექტორი „არაფერს იძლევა წმინდა პროდუქციის ფიზიკური მოცულობის ზრდის თვალსაზრისით, თუმცა მისი მოგება ოფიციალურად მაინც შეაქვთ „ეროვნული შემოსავლის ზრდის საერთო ყულაბაში“ [3: 87]. კრიზისის დროს ასეთი ფიქტიური ღირებულება სწრაფად ქრება და უამრავ პრობლემას წარმოშობს. ასე მოხდა 2008-2009 წლების გლობალური ფინანსური კრიზისის შედეგად, რომელმაც მსოფლიო ბაზრის კაპიტალიზაცია 30 ტრლნი აშშ დოლარით, ანუ თითქმის ორჯერ შეამცირა [4: 122].
კრიზისების როლი კაპიტალისტური საბაზრო ეკონომიკის მთავარი და დისპროპორციის აღმოფხვრაში უმნიშვნელოვანესია. „ფინანსური სექტორის დაშორება რეალური სექტორისგან, რომელშიაც ადამიანთა ცხოვრებისა და კვლავწარმოებისთვის აუცილებელი საქონელი და მომსახურება იქმნება, ისეთი დიდია, რომ ამ დაშორების შემცირება შეიძლება იყოს მხოლოდ კრიზისული, შოკური. რასაც პოლიტიკა ვერ აკეთებს apriori, კრიზისმა უნდა გააკეთოს aposteriori“ [5: 59].
კრიზისების მიმართ სამეცნიერო ლიტერატურაში ხშირად არსებობს ცალმხრივი და გამარტივებული შეხედულება, რომელიც ორი მიმართულებით გამოიხატება: პირველი, საზოგადოებრივი განვითარება განიხილება სწორხაზოვანი, თანაბარზომიერი პროცესის სახით. რეგულარულად მიმდინარე ციკლური რყვები და კრიზისები აღიქმება როგორც „ნორმიდან“ გადახვევა, სტაბილური განვითარების ქვეშ კი იგულისხმება უკრიზისო ცვლილებები. მეორე, კრიზისის ფენომენი ხასიათდება მხოლოდ უარყოფითიკონტექსტით და ნგრევის(მოსპობი) სინონიმად მიიჩნევა.
კრიზისებისადმი პრინციპულად განსხვავებული მიდგომები გააჩნიათ ცნობილ ეკონომისტებს ი.შუმპეტერს და ა.ბოგდანოვს. შუმპეტერმა სამეცნიერო ბრუნვაში შემოიტანა „შემოქმედებითი ნგრევის“ ცნება. იგი კრიზისებს საბაზრო ეკონომიკის დინამიკური განვითარების აუცილებელ პირობად მიიჩნევდა და ხატოვნად წერდა: „მუხრუჭებიანი ავტომობილი უფრო სწრაფად მოძრაობს, ვიდრე უმუხრუჭო“ [6: 385].
გასული საუკუნის 20-იან წლებში რუსმა ეკონომისტმა ა.ბოგდანოვმა შექმნა კრიზისების ორიგინალური და საინტერესო თეორია, რომელიც გვეუბნება, რომ კრიზისი ერთდროულად არის წონასწორობის დარღვევაც და ახალ წონასოწრულ მდგომარეობაზე გადასვლაც [7: 253]. სიტყვა „კრიზის“ სემანტიკურად სწორედ აღნიშნულ ორ მხარეს აერთიანებს. ბერძნულ ტრანსკრიპციაში იგი ნიშნავს „გადაწყვეტის“ ან „შემობრუნების“ წერტილს, ლათინურში - „გაყოფას“, „გარდატეხას“, ჩინურში - იგი ერთდროულად გულისხმობს „საფრთხეს“ და შესაძლებლობას“.
ამგვარად, კრიზისი განხილული უნდა იქნეს როგორც არა მხოლოდ დამანგრეველი, არამედ შემქნელი (შემოქმედი) ძალა და ამ თვალსაზრისით იგი განსხვავდება „კატასტროფისგან“, რომელიც „კრიზისის“ დესტრუქციული ელემენტია.
კრიზისი, ასევე, „შესაძლებლობების ფანჯარაა“, მოძველებული, დროის გამოწვევების არაადეკვატური სისტემის ან მისი ცალკეული ელემენტების და საზოგადოებრივი განვითარების პარადიგმების შესაცლელად. საზოგადოებრივი ინსტიტუტები თუკი თავს ვერ ართმევენ მათ წინაშე წარმოქმნილ პრობლემებს, წარმოიშობა მათი რეორგანიზაციის, მოდერნიზაციის ან ახალი ინსტიტუტებით ჩანაცვლების აუცილებლობა, რომლის რეალიზების მთავარ ინსტრუმენტს კრიზისი წარმოადგენს.
კრიზისის თეორიის მთავარი პოსტულატების გლობალურ ფინანსურ-ეკონომიკურ კრიზისზე მისადაგებით, შეიძლება გაკეთდეს, რამდენიმე, ჩვენი აზრით, საყურადღებო დასკვნა:
პირველი, გლობალური კრიზისი წარმოადგენს პოსტინდუსტრიულ ეპოქაში ეკონომიკურ სისტემაში განხორციელებული სიღრმისეული ცვლილებების კანონზომიერ შედეგს. ამ ცვლილებებში, პირველ რიგში, იგულისხმება ფინანსური სფეროს მოწყვეტა რეალური ეკონომიკიდან და მისი გადაქცევა ეკონომიკური ცხოვრების დემიურგად;
მეორე, გლობალური ფინანსური კრიზისი აღმოჩნდა სწორედ ის „შესაძლებლობების ფანჯარა“, რომელმაც წარმოქმნა პოსტკრიზისული ეკონომიკური განვითარების რამდენიმე ვარიანტი:
ა) ეკონომიკის ”ზომბირების“ ანუ „ზომბიეკონომიკის“ წარმოშობის შესაძლებლობა. როგორც აკად. ვ.პაპავა აღნიშნავს, „ფინანსური კრიზისის დასრულების შემდეგ ეკონომიკა იღებს მის არასიცოცხლისუნარიან ნაწილს“ [8: 6]. აქედან გამომდინარე, „შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ზომბიეკონომიკა ფინანსური კრიზისის მემკვიდრეობას წარმოადგენს“ [იქვე];
ბ) პოსტკრიზისულ პერიოდში იმ ღონისძიებათა გატარების შესაძლებლობა, რომლებიც ხელს შეუწყობდა ეკონომიკური სისტემის სტრუქტურის „ნორმალურ მდგომარეობაში“ დაბრუნებას;
გ) წინა პუნქტიდან გამომდინარე, იმის აუცილებლობა და შესაძლებლობა, რომ კომპანიების მხრიდან ფინანსურ ხელმისაწვდომობაზე მოთხოვნა მჭიდროდ „მიბმოდა“ მათი მხრიდან ტექნიკური გადაიარაღების უპირობო ვალდებულების აღებას. სწორედ ამ გზით იქნებოდა შესაძლებელი ზომბირების საფრთხის აღმოფხვრა, რის შესახებაც უკვე აღვნიშნეთ;
დ) განსაკუთრებით აღსანიშნავია გლობალური ფინანსური კრიზისის კავშირი საზოგადოებრივი სისტემის სხვა ელემენტების (პოლიტიკურ-სამხედრო, დემოგრაფიულ, სოციო-კულტურულ, ეკოლოგიურ და სხვ.) ძირეულ ცვლილებებთან. ამ თვალსაზრისით გამოვყოფთ ეკონომიკური კრიზისისა და ტექნოლოგიური კრიზისის ურთიერთმიმართებას. უახლესი ისტორიიდან (1970-იანი წლებიდან) ცნობილია ფაქტი, რომ ენერგეტიკული კრიზისი ეკონომიკური კრიზისის დაწყების მიზეზი გახდა. ამჟამად ჩვენ საქმე გვაქვს სიტუაციასთან, როცა დღის წესრიგში დგას წარმოების ტექნოლოგიურ საფუძვლებში რევოლუციური ხასიათის ცვლილებების აუცილებლობის საკითხი, რომლის გათვალისწინებითაც ეკონომიკური სისტემის სტრუქტურული ცვლილებების პრიორიტეტულ მიმართულებად მიჩნეულია ტოტალური რეინდუსტრიალიზაცია. ეს უკანასკნელი გულისხმობს არა ძველი, მრეწველობის ტრადიციული დარგების აღდგენას, არამედ, უპირველეს ყოვლისა, ინოვაციური ტიპის რესურსდამზოგავი, ენერგიადამზოგავი, მეცნიერებათტევადი და ტექნოლოგიათტევადი წარმოებების განვითარებას.
ზემოაღნიშნულის კონტექსტში, საქართველოს ეკონომიკის წინაშე, ჩვენი აზრით, ამჟამად დგას ორის სტრატეგიული ამოცანა:
ა) ინოვაციებისა და მაღალი ტექნოლოგიების „გლობალურ ჯაჭვში“ ეფექტიანი ჩართვა;
ბ)დეინდუსტრიალიზებული პოსტკომუნისტური ეკონომიკური სისტემიდან რეინდუსტრიალიზებულ ინოვაციურ ეკონომიკაზე გადასვლა. ეს არის „ორერთიანი ამოცანა“, რომლის წარმატებით გადაჭრა იქნება ჩვენი ქვეყნის ცივილიზებულ სამყაროში ღირსეული ინტეგრირების აუცილებელი პირობა და მყარი საფუძველი.

გამოყენებული ლიტერატურა

1. მექვაბიშვილი ე. გლობალიზაციის ეპოქის ფინანსურ-ეკონომიკური კრიზისების პოლიტეკონომიური ანატომია. – „ეკონომიკა და ბიზნესი“, 2015, ტ.VIII, №2.
2. Смирнов А. Кредитный „пузырь“ и перелокация финансого рынка – „Вопросы Экономики“, 2008,№10.
3. გუნია ნ. ლა რუში ფიზიკური ეკონომიკის შესახებ - „ეკონომიკა და ბიზნესი“, 2009, №1.
4. Бузгалин А., Колганов А. Мировой экономический кризис и сценарий посткризисного развития - „Вопросы Экономики“, 2009, №11.
5. КолодкоГж. Неолиберализм и мировой экономический кризис - „Вопросы Экономики“, 2010, №3.
6. ShererF. andPerimanM. (eds.) Entrepreneurship, Technological Innovation and Economic Growth: Studies in the Schumpeter Tradition.The University of Michigan, 1992.
7. Богданов А. Тектология. Всеобщая организационная наука. М. Экономика, 1989.
8. პაპავა ვ. ფინანსური კრიზისი და ნეკროეკონომიკის ზომბირების საფრთხე(თეორიული ასპექტები). საქართველოს ეკონომიკურ მეცნიერებათა აკადემიის შრომები. ტ.VIII, თბ.,2010.